პარიზის მოდის კვირეულის დასასრულს ერთ-ერთი ბოლო ჩვენება შანელის მოდის სახლმა გამართა. დეფილე უჩვეულოდ აბსტრაქტული იყო. პოდიუმზე მოწყობილი იყო ბარიერები, რომლებიც ყინულოვანი კუნძულების ასოციაციას ჰქმნიდა, მოდელები კი სარკისებულ პოდიუმზე წყვილებად ან სამეულებად გამოდიოდნენ.
2020-21 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შანელისთვის ტრადიციული შავი და თეთრი ფერები დომინირებდა. დიზაინერმა ვირჯინი ვიარმა, რომელმაც კარლ ლაგერფილდი გარდაცვალების შემდეგ ჩაანაცვლა, არჩევანი წელს გვერდზე ჩახსნილ განიერ შარვლებზე, მოკლე შორტებსა და გრძელ პალტოებზე გააკეთა.
