პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, ორი მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი მაშინ დააკავა, როდესაც ის რკინის კედელზე წარწერას აკეთებდა. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციასა და ადგილზე შეკრებილებს შორის ვითარება განსაკუთრებით მაშინ იძაბება, როდესაც მოქალაქეები პროტესტის ერთ-ერთ ფორმას მიმართავენ და ცდილობენ რკინის კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთებას და საბჭოური სიმბოლიკის გაკვრას.
ცნობისთვის, ქვეყანაში პერმანენტული აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციაში შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.