"უარი რუსეთს"- ამ სახელწოდებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება საქართველოს აშორებს ევროკავშირთან ააყენებს საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ.
"იმ დროს, როდესაც ნადგურდება უკრაინის ქალაქები და სოფლები, არ გვაქვს უფლება იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ კომფორტულად ვიმგზავროთ რუსეთში. მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოცხადებულია საერთაშორისო დამნაშავედ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ მისი საჩუქრები. ფრენების აღდგენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ქვეყანას აყენებს სანქციების რისკის ქვეშ"- ამბობს აქციის მონაწილე, იურისტი კახა წიქარიშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გივი დავითაშვილის განცხადებით, დღეს რუსულ ავიაკომპანიაზე, Азимут-ზე ნებართვა გაიცა და ის 17 მაისიდან შეძლებს ფრენებს.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.