ოთხშაბათიდან, 11 მარტიდან პარლამენტი იწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რომლის ირგვლივაც ფართო პოლიტიკური კონსენსუსია. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის პროპორციული სისტემის ჩაგდებით გამოწვეულ კრიზისს პარლამენტში სამუშაო პროცესი ცვლის. საერთაშორისო პარტნიორების უპრეცენდენტო წნეხის და ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი დათმობაზე წავიდა. შეთანხმებიდან მეორე დღესვე ქართული ოცნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში საკუთარი სიტყვის უკან წაღებას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დღეს მატყუარები უწოდა მათ, ვისაც მოლაპარაკებების შემდეგ გუშინ ხელი ჩამოართვა. შეთანხმების პირველ დოკუმენტზე პრეტენზია არცერთ მხარეს არ აქვს . ყველა თანხმდება იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით, პროპორციები 120/30-ზე ჩატარდება. 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული წესით შევა, 30 კი მაჟორიტარულით. იმისთვის, რომ კონსტიტუცია ცვლილება შევიდეს, 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.