დასავლელი პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტი არ აპირებს, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყება.
კომიტეტი დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრება.
კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე.
ანრი ოხანაშვილის თქმით:
თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას ქართული ოცნება გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი - 15 წუთი, ფრაქციას - ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის - 15 წუთი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია - 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - გირჩი - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს მოქალაქეები - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელი სოციალისტები - 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი.
თუმცა, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. მათი მოთხოვნაც დანიშვნების შეჩერებაა სასამართლო რეფორმის გატარებამდე. გასაუბრებებს არ დაესწრება და მოსამართლეებს კითხვებს არ დაუსვამს სახალხო დამცველი.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს.
"ორაზროვანი განმარტებები არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ შარლ მიშეის შეთანხმებაში, ისევე, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ პარლამენტმა პროცესი არ უნდა გააგრძელოს. არავინ კითხულობს ამ შეთანხმებას ისე, როგორც ქართული ოცნება. ამიტომ, ახლა ისხდნენ ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი 3-კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი. ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ის დაარღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, ამიტომ, მოუწევს ამისთვის დიდი ფასი გადაიხადოს". - ამბობს ნაცვლიშვილი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.