თბილისის მერიამ პარლამენტის წინ არსებული ღობე შემოღობა. ადგილზე სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ამ დრომდე უცნობია, რატომ დაჭირდა თბილისის მერიას მწვანე ღობე საკანონმდებლო ორგანოს წინ. პროცესი გაურკვეველია ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორისთვისაც.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პარლამენტის მწვანე კედლით შემოღობვის შემდეგ, ახალი ჯებირების აღმართვას ისინი არ გაუკვირვებია.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის გარშემო დამონტაჟებულ ჯებირს ბერლინის კედელს ადარებს და ამბობს, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება - პროტესტი, შეუზღუდოს.
"პარლამენტის გარშემო აგებული ბერლინის კედელი ზუსტი განსახიერებაა დღეს იმ ბერლინის კედლის, რომელიც ყოფს საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას და და საქართველოს მოქალაქეს. მთავარი იყო რამენაირად საქართველოს მოქალაქისთვის წაერთმიათ კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის და შეკრების თავისუფლება, მაგრამ რა ჯებირებიც არ უნდა ააგონ, რა აგურის ან ბეტონის კედელიც არ ააშენონ, 20 ივნისს ვერავის დაავიწყებენ და 20 ივნისის განსახიერებაა ზუსტად ეს ღობე“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შიშით არის ნაკარნახევი.
"პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის გადათხრა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, მაშინ როდესაც იქ თვეობით მიმდინარეობდა პერმანენტული აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ და 20 ივნისის გასაპროტესტებლად, ეს იყო თავიდანვე შიშით ნაკარნახევი. საზოგადოების განწყობას ვერ შეცვლიან ვერც თხელი გისოსებით და ვერ სქელი ჯებირებით. ხალხის განწყობა იქნება უფრო მწვავე. პასუხს მიიღებენ 2020 წლის ოქტომბერში“, - ამბობს ოთარ კახიძე.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კი მიიჩნევს, რომ ღობის შემოღობვა სწორედ იმას ასახავს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის პროტესტის ეშინია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უყვარს პროტესტი და პროტესტის რეალურად ეშინია. სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმართა ხელისუფლებამ და პერსონალურად კახა კალაძემ პარლამენტის ირგვლივ მწვანე დიდი ღობე და ჯებირები. სწორედ ამას ემსახურება ეს ე.წ. რეაბილიტაცია“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.