logo
ENG



პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრ 202410:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/c1n51uye3drkzyk.jpg

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.

ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა.

ამიტომ კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც.

***

ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის წესი და კვორუმი შეიცვალა.

თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის დეპუტატების 90 ხმა (3/5) არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანონპროექტით, კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.


close დახურვა