პარლამენტის სესიის სხდომა მესამე მცდელობა დაიწყო. რეგისტრაცია 77-მა დეპუტატმა გაიარა შესაბამისად, კვორუმი მიღწეულია.
კვორუმის მიღწევის შემდეგ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტექნიკური პროცედურისთვის სიტყვა ითხოვა, თუმცა იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ გაუვლია, მიკროფონი არ ჩაირთო. აღნიშნულს ქართული ოცნებიდან ტაში და სიცილი მოჰყვა. სხდომის დაწყებამდე, აქუბარდია გეგმავდა, რომ მანდატურს დარბაზში მყოფი დეპუტატები გადაეთვალა.
"გადათვლა უნდა მოითხოვოს პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თქვენ არ ბრძანდებით. შეგიძლიათ ჩამოიაროთ და გადათვალოთ, რამდენი ადამიანია. თქვენი არასერიოზულობას სადამდე მიჰყავხართ. [...] თქვენ ახლა პანდორას ყუთი გახსენით, ვინაიდან ოცნებას მიეცით საფუძველი, სხვა დროს თავად მმართველმა პარტიამ არ გაიაროს რეგისტრაცია სამშაბათს და დარჩებით პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მან მანდატურს გადამოწმება სთხოვა და დარბაზში კვორუმი არის.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, სხდომის დასაწყებად დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ - 76-მა რეგისტრაცია ვერ გაიარა. ორი მცდელობის შემდეგ სხდომის დაწყების დრომ და ხელახალმა რეგისტრაციამ 15:00 საათისთვის გადაინაცვლა.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, იმისათვის რომ პლენარული სხდომის დასაწყებად კვორუმი შემდგარიყო, ქართული ოცნების დეპუტატები რეგისტრაციის დროს სხვების პულტებს იყენებდნენ.