logo
ENG



პარლამენტის წინ მომიტინგეები იკრიბებიან

16 ნოე 201917:11
3 წუთის საკითხავი
 
ty56ozhfhm064cf.jpg

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. პარლამენტის წინ, 7 საათზე დღეს მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. გამზირი გადაკეტილია, გაშლილია კარვები. მთელი დღის განმავლობაში აქ იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

„ბიძინა ივანიშვილი არ თანხმდება არაფერს, რაც ხელს შეუშლის ამ ქვეყნის ბოსტნად გადაქცევას. გერმანული მოდელი ამ ეტაპზე არის ოპტიმალური ვარიანტი, რომ პროპორციულად დაკომპლექტდეს პარლამენტი. ამის არმიღება უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის არაფრად არ გვთვლის დ ამისი ლეგიტიმაციისთვის ხალხი არაა საჭირო", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე. 

კარვებთან იმყოფებოდა ანა დოლიძეც. ის აცხადებს, რომ მხარს უჭერს პროტესტს.

„მე ვარ გვერდზე იმ საერთო სახალხო უკმაყოფილებისა, რომელიც მოყვა გადაგდებას ქართველი ხალხის. დაუშვებელია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ასე უდიერად ექცეოდეს საკუთარ ამომრჩეველს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ოპოზიცია მოუწოდებს მოსახლეობას, 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ და გააპროტესტონ სასესიო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ოპოზიციის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში არიგებდნენ ბუკლეტებს მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით. 

„ყველას მინუს ერთი - ეს არის მთავარი ფორმულა. ყველანი ვართ გაერთიანებული უსამართლობის წინააღმდეგ, ტყუილის წინააღმდეგ, ხალხის გადაგდების წინააღმდეგ“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე.

პარლამენტის წინ უწყვეტი აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც სასესიო სხდომაზე ჩავარდა კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.


close დახურვა