პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ ქართული ოცნების ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.
აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილება. მმართველ გუნდში ცვლილებების მთავარ მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლას ასახელებენ. კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ მედიის წარმომადგენლები.
კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელებს ეჭვი უჩნდებათ, რომ აზარტული თამაშების რეკლამა პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლების მიზანმიმართულ შემცირებასთან. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებულად განიხილოს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი.
"არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, პარტია ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომ რეკლამის აკრძალვის პირობებში, მედია 3 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლდეს. საბა ბუაძის განმარტებით, სხვა პირობებში ლელოს გამართლებულად მიაჩნია აზარტული თამაშების შეზღუდვა და პარტია მსგავს ინიციატივას გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა. თუმცა მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვების ახლა დაწესებას ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკური მიზნები აქვს. აზარტული თამაშების რეკლამებიდან შემოსული თანხის გაქრობით ხელისუფლება დისკომფორტს შეუქმნის და შეავიწროებს კრიტიკულ მედიას.
ტელეკომპანიების მიმართვის შემდეგ მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ აზარტული თამაშების რეკლამა იანვრის ნაცვლად მარტიდან ამოქმედდება. თუმცაღა მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ეს დრო არაა საკმარისი იმისთვის, რომ ახალი სპონსორები მოიძიონ. მიუხედავად ამისა, ოცნებაში აცხადებენ, რომ ორთვიანი საშეღავათო პერიოდი ოპტიმალური ვარიანტი, რომლის დაწესებაც ახლა შეუძლიათ.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აეკრძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.
კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.
შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.
ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.
კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს.
დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.
იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ:
- რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
- იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი;
- რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.