საქართველოს პარლამენტის ცნობით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის გაუგზავნეს.
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გაგზავნიდა. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიაში განსახილველად დოკუმენტის გაგზავნა პოზიტიურად ნაბიჯად შეაფასა.
მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ "კანონის მიღებამდე მოეთხოვათ და შეესრულებინათ ვენეციის კომისიის დასკვნა".
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.
კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.
დეოლიგარქიზაციაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიშშიც, რომელიც 8 ნოემბერს მიიღეს - დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი. კერძოდ, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.