logo
ENG



პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

09 სექ 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 83 ხმით მესამე მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად,  წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები დადგინდება არსებული წესებისგან განსხვავებულად, რათა ის, რაც პრაქტიკით უნდა დარეგულირდეს, განისაზღვროს სამართლებრივი აქტების მეშვეობით.

პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებოდ გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც აღნიშნული პროცედურები დარეგულირდება. 2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება ინფორმაცია პარლამენტის მიერ განაცხადების მიღების თაობაზე.

გარდა ამისა, განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

 31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.


close დახურვა