logo
ENG



პარლამენტმა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

02 ივლ 202023:43
3 წუთის საკითხავი
 
tv065gwwzkev93p.jpg

პარლამენტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში პენსია ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ოდენობა პარლამენტში შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განისაზღვრება.

რაც შეეხება პენსიის ზრდის მეთოდს:  70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გაიზრდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ცვლილებების მიხედვით, პენსიის ოდენობა შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან უნდა გაიზარდოს.


close დახურვა