პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა ორმა ფრაქციამ: ლელომ და რეფორმების ჯგუფმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პროცესი არალეგიტიმურია.
"ჩვენ დავტოვეთ ეს პროცესი, რომელიც არის არალეგიტიმური და მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს,რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ჩატარებულიყო აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება და ამის საფუძველზე, რეფორმის საბოლოო ფაზა და შემდეგ მომხდარიყო ახალი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში", - თქვა ლელოს წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი არ ესადაგება 19 აპრილის შეთანხმებას.
მოსმართლეების მოსმენის პროცესში განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.
ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე", - წერია საელჩოს განცხადებაში.
მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაში.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
ამასთან, 2021 წლის 12 ივლისს, მმართველმა პარტიამ უარი თქვა, შეესრულებინა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, არ დაენიშნა უვადო მოსამართლეები უზენაეს საქართველოში სასამართლო რეფორმის გატარებამდე და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე.