logo
ENG



პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ხელახლა აირჩია

15 თებ 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ხელახლა აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ხელახლა დანიშნა. ის აღნიშნულ პოზიციას კიდევ 6 თვით დაიკავებს. გადაწყვეტილებას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 82 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას რეკომენდაცია იანვარში გაუწია.

ამავე სხდომაზე პარლამენტმა ცესკოს ორი ახალი წევრიც აირჩია. მაია ზარიძის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გია ცაცაშვილს კი 78-მა.

***

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესის ცვლილებას. 

პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ახლებურად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

ახალი რეგლამენტით: 

  • პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით ან სრული შემადგენლობით ირჩევს ცესკოს წესსა და ცესკოს თავმჯდომარეს. 
  • პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
  • არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
  • თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.
  • თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს.
  • თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

უკვე გაუქმებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის 28 ივნისს დამტკიცდა, ნათქვამია, რომ "თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე".

სწორედ ამ კანონმდებლობის საფუძველზე დაინიშნა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 2021 წლის 2 აგვისტოს, 6 თვის ვადით. 

 

close დახურვა