პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც ასეულობით პატიმრის განთავისუფლებას ითვალისწინებს.
დღეს 16 დეკემბრის ბრიფინგზე სარჯველაძემ განმარტა, თუ რა კატეგორიის დანაშაულებს შეეხება ამნისტია:
"ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ცალკეულ შემთხვევაში - დაზარალებულის თანხმობა.
ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ნასამართლეობის არქონა, ასევე გათვალისწინებულია ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის, ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით მოიცავს დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები. ამნისტია შეეხება 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულებებს. საუბარია, სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ პატიმარზე".
კანონპროექტს დღეს, 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ, რის შემდეგაც დაიწყება მისი განხილვა.