logo
ENG



პარლამენტში ამნისტიის კანონის კენჭისყრა გადაიდო

25 მაი 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტში ამნისტიის კანონის კენჭისყრა გადაიდო

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამნისტიის კანონს დღეს პირველი მოსმენით კენჭი აღარ ეყრება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, ამ შეხვედრას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. კონსულტაციები კი 27 მაისს გაგრძელდება. 

"არსებობს იმის რესურსი, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე და რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ როგორც დღეს, საარჩევნო კოდექსს, სავარაუდოდ, ყველა დავუჭერთ მხარს, ასე ამნისტიაზეც ერთობლივი დოკუმენტი შევიმუშაოთ", - თქვა იოსელიანმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი , რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.


close დახურვა