logo
ENG



პარლამენტში ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელმოწერებს აგროვებენ

15 სექ 202215:09
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელმოწერებს აგროვებენ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გამხელილი ინფორმაციის შესასწავლად კომისიის შექმნას არ ემხრობა ქართული ოცნება და ასევე, პარტია მოქალაქეები. საკითხის ინიციირებისთვის 30-ი დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, კომისიის შესაქმნელად კი 50 ხმაა საკმარისი.

დადგენილების პროექტს ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და გირჩის დეპუტატები.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეროვნული და სახელმწიფო უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაგროვებთ ოპოზიციის საჭირო მხარდაჭერას ინიციირებისთვის. ეს იქნება ოპოზიციის ერთობლივი მცდელობა. ვფიქრობ საკმარისი მხარდაჭერა გვექნება და შევძლებთ კომისიის ფორმირებას", - ამბობს დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ამ დოკუმენტს ქართული ოცნება უნდა აწერდეს ხელს, რადგანაც ამტკიცებენ, რომ სოსო გოგაშვილი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.

"მათ ეშინიათ ასეთი საგამოძიებო კომისიების. რატომ? იმიტომ რომ არამხოლოდ უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ რუსეთთან, არამედ ქართული ოცნების მთელი რიგი პოლიტიკოსებიც", - თქვა მან ფორმულას ეთერში.


close დახურვა