logo
ENG



პარლამენტში სასამართლოს რეფორმების ჯგუფის შეხვედრა NGO-ების და ომბუდსმენის გარეშე ტარდება

11 ივლ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში სასამართლოს რეფორმების ჯგუფის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ჩატარდება. 

ქართული ოცნების მტკიცებით, მათი მიზანი, ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობაა.

მმართველმა პარტიამ 1-ლ ივლისს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა. სასამართლოს რეფორმების ჯგუფის შექმნაც ამ გეგმის ნაწილია. 

დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებას გირჩი, მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები, საქართველოსთვის გეგმავენ. ასევე, პროცესში ჩართვა სურს ხათუნა სამნიძეს

ენმ-ის წევრები ამ ჯგუფს სკეპტიკურად უყურებენ, შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობს, შექმნას იმიტაცია, თითქოს სასამართლოს რეფორმირებისთვის მზად არის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება - სასამართლო სისტემას ისევ კლანი მართავს, რომელიც ოლიგარქს ემორჩილება. 

დღევანდელ სხდომაზე არც სახალხო დამცველი მიუწვევიათ, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ჯგუფსაც უხელმძღვანელებს, თქვა, რომ შემდეგ შეხვედრებზე NGO-ებს და ომბუდსმენს აუცილებლად ჩართავს. 

***

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთია, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.


close დახურვა