პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
"გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული ადამიანი, ამავდროულად, ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება, იყო მსჯავრდებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულისგან დაცლილი, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი, იყო უფარჩაკესი...შენ ხარ ბანძი, შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალა ხარ. არ გეტყვი იმას - იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ახლა", - უთხრა ღუდუშაურმა დეპუტატს მას შემდეგ, რაც წითლიძემ მას "დებილი" უწოდა [სტილი დაცულია].
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
"რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე, რა თქმა უნდა, სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის - და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. და შესაბამისად, მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს", - განაცხადა ბერაიამ [სტილი დაცულია].
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.