logo
ENG



პარტიები: ვიწროპარტიული ინტერესისთვის შეთანხმების შესრულებაზე უარი ხელისუფლების ინტერესშია

28 აპრ 202117:45
3 წუთის საკითხავი
 
პარტიები: ვიწროპარტიული ინტერესისთვის შეთანხმების შესრულებაზე უარი ხელისუფლების ინტერესშია

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ დანარჩენ ოპოზიციას ერთოანობისკენ. ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში მათი შეხვედრა დასრულდა.

"აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.  

ისინი, ასევე აცხადებენ, რომ მზად არიან შეასრულონ შეთანხმება, რადგან  "ვიწროპარტიული ინტერესების" გამო ამაზე უარის თქმა, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია. 

"ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები", - წერია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. არმაზ ახვლედიანი
  2. თეონა აქუბარდია
  3. დავით ბაქრაძე
  4. გიორგი ვაშაძე
  5. პაატა მანჯგალაძე
  6. ანა ნაცვლიშვილი
  7. სალომე სამადაშვილი
  8. ხათუნა სამნიძე
  9. დავით უსუფაშვილი
  10. შალვა შავგულიძე
  11. მამუკა ხაზარაძე
  12. ბადრი ჯაფარიძე
  13. ზურაბ ჯაფარიძე

შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, რამდენიმე პუნქტს შეიცავს.

ერთერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

გუშინ, 27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ორივე მხარემ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა.

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.

 


close დახურვა