logo
ENG



20 ივნისს დაზარალებულები ევროკავშირს მიმართავენ

21 აპრ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock 1243

"გავრილოვის ღამეს" დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ არ დაუშვან 20 ივნისის საქმეების ამნისტირება.

აქტივისტებმა ამ შინაარსის წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დატოვეს. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, "20 ივნისის საქმეების ამნისტირება ამორალური და მიუღებელია".

ერთ-ერთი აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იპოვონ გამოსავალი, რომლითაც დაზარალებულების უფლებები არ შეილახება.

"სრულიად ამორალურია, პოლიტიკურად და სამართლებრივად არ არის გამართლებული, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო იყოს მოძალადეების და დამნაშავეების ამნისტირება, რომლებიც საათების მანძილზე ჩვენს მოქალაქეებს ასახიჩრებდნენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იპოვონ ისეთი გზა, რომ ჩვენი უფლებები არ შეილახოს. ჩვენ გვაქვს სასამართლოში წარმოებული დავები და ამ დავების შეწყვეტა არის მიზანშეუწონელი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

წერილის ადრესატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელია და ხელს აწერენ მაკო გომური; გიორგი სულაშვილი; კობა ლეთოდიანი; ირაკლი ხვადაგიანი; ირაკლი ფავლენიშვილი; ვახტანგ ბერიკაშვილი; გელა ჭიღლაძე; ზაზა მღებრიშვილი; გიორგი ბულესკირია; ლუკა პეტრიაშვილი; თამარ ბაღაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არიან ბრალდებულები. 

ევროპული საბჭოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 


close დახურვა