logo
ENG



პატიმართა შორის იერარქია, ფიზიკური დაზიანებები - ევროსაბჭოს ანგარიში ქართულ ციხეებზე

16 ივნ 202217:55
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კომიტეტი (CPT) საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2021 წლის მაისში ვიზიტის შედეგად მოგროვებული ინფორმაციის მიხედვით ანგარიშს აქვეყნებს.

კომიტეტის დელეგაცია საქართველოში არსებულ 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებას: გეგუთის N14, ქნის N15 და რუსთავის N17 ციხეებს 2021 წლის 17-24 მაისს ესტუმრა.

სამივე დაწესებულება მხოლოდ კაცებისთვისაა განკუთვნილი, ქსნის ციხეში 1 812 პატიმარი, 1506 რუსთავის ციხეში, გეგუთში კი 680 პატიმარი იხდის სასჯელს.

კომიტეტის ცნობით, მათ ციხის პერსონალის მხრიდან პატიმრების მიმართ ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის ფაქტები არცერთ დაწესებულებაში არ დაუფიქსირებიათ. პირიქით, დელეგაციის თქმით, პერსონალსა და პატიმრებს შორის ურთიერთობა პოზიტიური და მეგობრულს ჰგავდა.

ანგარიშის მიხედვით, პატიმრების უმეტესობისთვის ამ ციხეებში არ არსებობს ორგანიზებული აქტივობები. ისეთი საქმე კი რაშიც მათ ხელფასს უხდიან, მაგალითად დასუფთავების, ცხობის ან საკვების განაწილების სანაცვლოდ, მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი.

ამ ციხეებში არ არსებობს საგანმანათლებლო ან შემეცნებითი წვრთნები, არაა სპორტული აქტივობები და ყველა ის ხელოვნებასთან დაკავშირებული სახელოსნოები თუ კლასები, რაც არსებობდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე გაუქმდა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ სამივე დაწესებულებაში მცირეა პერსონალის რიცხვი, რაც ციხის შენობაზე სრულ კონტროლს შეუძლებელს ხდის. 

პატიმრებს შორის იერარქია და დაპირისპირებები

კომიტეტის მომზადებულ ანგარიშში საუბარია ციხეში არაფორმალური იერარქიის ცხად ნიშნებზე. მათ შორის ყველაზე ხშირია ტიპური სიმბოლოები ("ქურდული სამყაროს" სიმბოლოები, 8-ქიმიანი ვარსკვლავები და მგლების გამოსახულებები) საკნების კარს ზემოთ, გამოსაჩენ ადგილასაა განთავსებული, განსაკუთრებით N17 დაწესებულებაში.

რამდენიმე პატიმარი, რომელსაც დელეგაცია ესაუბრა ყვებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფასა და მუქარის შემთხვევებზე სხვა პატიმრების მხრიდან. მსგავსი ფაქტები სამივე ციხეში დაფიქსირდა. კომიტეტის თქმით, ამგვარი დაპირისპირებების უმთავრესი მიზეზი პატიმრის მხრიდან ფულის არ გაცემა და ზოგჯერ საერთო ფულში "ობშიაკში" კონტრიბუციაზე უარი ხდება.

პატიმრებმა დელეგაციას დაუდასტურეს იერარქების არსებობა და ასევე ფულის შეგროვების პრაქტიკა (ზოგჯერ პატიმრებისგან, უფრო ხშირად კი მათი ოჯახებისგან) არალეგალურ პატიმართა ფონდში ("ობშიაკში") თანხების შესატანად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 20 მაისს რუსთავის N17-ე დაწესებულებაში ვიზიტისას დელეგაცია შეესწრო პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგებს. ამ დაპირისპირების შედეგად ერთი პატიმრის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.

კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ივლისში ვიზიტისას მოისმინა შემთხვევაზე, როცა პატიმრებს შორის დაპირისპირებისას 1 პატიმარი დაიღუპა.

CPT ხელისუფლების მხრიდან ამ და სხვა ფაქტებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

ფიზიკური დაზიანებები

ანგარიშის მიხედვით, დელეგაციამ სამივე "ზონაში" მრავალი ახალი ტრავმის სამხილებს მიაგნო, რაც მათი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატიმრებმა შემთხვევით მიიღეს.

მაგალითად, N15 დაწესებულებაში ექიმმა ჩამოთვალა სხვადასხვა ტიპის "შემთხვევითი" დაზიანებები: ცხვირის მიდამოებში დასივება და შეშუპება, გადახეხილი შუბლი, ნაფხაჭნები თვალების მიდამოებში, ჰიპერემია, ჭრილობები მუცლის არეში, ყელის არეში მრავლობითი სილურჯეები (ბოლო 2 თვითდაზიანებებადაა მოხსენიებული პატიმრების სამედიცინო ისტორიაში).

N17 დაწესებულებაშიც ძირითადად მსგავსი ტიპის დაზიანებებია ჩამოთვლილი. ერთ-ერთ შემთხვევაში პატიმარს თხემის ნაწილსა და თავზე გახსნილი ჭრილობები ჰქონდა.

კომიტეტის თქმით, ამგვარი დაზიანებები არ დაუფიქსირებიათ გეგუთის N14 ციხეში, თუმცა დელეგაციის ექიმებმა შენიშნეს თვალებზე ნაკაწრების რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანების მიღების აღნიშნული მიზეზი ნაკლებად სავარაუდო იყო (მაგ: ჭრილობები თვალის ქუთუთოზე, რის მიზეზადაც "აბაზანაში დაცემა" იყო დასახელებული).

კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია N15 დაწესებულებაში 2018 წელს დაღუპვის 2 შემთხვევაზე, რომლებიც სუიციდადაა კლასიფიცირებული. ამის შესახებ დელეგაციის სამედიცინო ექსპერტებს ეჭვები გაუჩნდათ. ერთ შემთხვევაში დაღუპულს ყელის მიდამოებში ჭრილობები ჰქონდა, მეორეს კი კისერზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა, რაც მათი თქმის, სუიციდისთვის უჩვეულო გზა იქნებოდა.

ამ შემთხვევების შესახებაც კომიტეტი დამატებითი ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

კომიტეტის დელეგაცია ასევე გაესაუბრა იმ პატიმრებს, ვისი ჭრილობებიც ამ სამედიცინო ისტორიებში იყო აღწერილიც. ანგარიშში წერია, რომ ექსპერტებმა შენიშნეს, რომ პატიმრები თავს იკავებდნენ ამ დაზიანებების წარმოშობაზე საუბრისგან. ზოგ შემთხვევაში კი ისინი იმეორებდნენ იმ განმარტებებს, რაც სამედიცინო ისტორიებში ეწერა და რაც დელეგაციის სამედიცინო ექსპერტების აზრით სამედიცინო კუთხით არადამაჯერებლად ჟღერდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დელეგაციის თქმით, კიდევ ერთი მიმანიშნებელი არაფორმალურ იერარქიაზე ისაა, რომ ამ ციხეებში ფორმალური დისციპლინური სანქციების რიცხვი მცირეა. 

„ჩვენთვის ცხადად ჩანდა, რომ იქ იყო უსიტყვო შეთანხმება, როგორც მენეჯმენტის ასევე ციხის იერარქიის წევრებს შორის, რომ ნებისმიერი "არასათანადო ქცევა" და ნებისმიერი შიდა კონფლიქტი პატიმრებს შორის უპირველეს ყოვლისა არაფორმალურად, პატიმრებს შორის უნდა მოგვარდეს (და ადმინისტრაციის ფორმალური ჩარევის გარეშე)“, - წერია ანგარიშში.


close დახურვა