logo
ENG



პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ

08 იან 202114:21
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში ფილარმონიასთან პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები იკრიბებიან, ისინი მსვლელობას აპირებენ პარლამენტთან, სადაც ამნისტიის კანონპროექტის ახლანდელ ვერსიას გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები იმ მუხლებს აპროტესტებენ, რომლებზეც კანონპროექტი ვრცელდება და ამბობენ, რომ ეს რეალურად არა ამნისტია, არამედ შეწყალებაა. მათივე თქმით მუხლები, რომლებიც კანონპროექტით ამნისტირებულია შერჩევითია. 

პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები მოითხოვენ, რომ ამნისტია შეეხოს ყველა პატიმარს, გარდა განსაკუთრებით მძიმე მუხლებისა. ისინი მოითხოვენ ან პატიმრების გათავისუფლებას ან დანაშაულის შემცირებას: 

"მთავარი მოთხოვნა ამ აქციის არის დღეს ის, რომ 1/4 შეეხოს უკლებლივ ყველა პატიმარს. იმიტომ, რომ პანდემიის ფონია, ციხეში კორონავირუსი მძვინვარებს და ჩვენი აზრით, ყველა პატიმარი იმსახურებს 1/4-ს. ზოგისთვის ეს არის 3 თვის მოკლება, ზოგისთვის 1 წლის მოკლება და ვფიქრობთ,რომ სწორი მოთხოვნები გვაქვს, რადგან პანდემიამ დააზარალა უკლებლივ ყველა, განსაკუთრებით პატიმრები",-ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

პატიმრების ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ საპატიმროში არაერთი პატიმარი შიმშილობს, მათ შორის პატიმრები შიმშილობენ ქალთა ციხეში, ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გლდანის ციხეში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, მანამ სანამ არ შეხვდებიან კანონპროექტის ინიციატორს და არ გაითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს.

5 იანვარს მეათე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიციის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო მას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანონპროექტის ავტორი  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეა

მისი თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ითვალისწინებს იმათ გათავისუფლებას, ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ამნისტია ეხება 44 მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულებს, ქურდობას, ფალსიფიკაციას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ მუხლს. 

ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას. 


close დახურვა