პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში.
"გადავწყვიტე მანდატზე უარი არ ვთქვა და როდის შევალ... როცა გადავწყვეტ, შევალ. მე დავაფიქსირე, რომ მანდატს არ ვტოვებ და რა იქნება შემდეგ, მაგას ვნახავ", - აცხადებს ენუქიძე.
პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო არჩევნებში 4 სადეპუტატო მანდატი ერგო. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.