ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას წევრების რაციები, ასევე პეიჯერები აფეთქდა - შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ დაჯგუფების ასობით წევრის პეიჯერი ერთდროულად აფეთქდა, რის შედეგადაც 3 000-მდე ადამიანი დაშავდა, 10-მდე კი დაიღუპა.
დღევანდელ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა - ამ მონაცემებს ლიბანის ხელისუფლება ავრცელებს.
პორტატიული რაციები ჰეზბოლამ 5 თვის წინ შეიძინა - დაახლოებით იმავე პერიოდში შეიძინეს გუშინ აფეთქებული პეიჯერებიც.
ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადი მედიები წერენ, რომ ფეთქდებოდა ელექტრონული მოწყობილობები, გაჯეტები, მოტოციკლებზე, მანქანებში არსებული ელექტრონიკა. მათივე ცნობით, რაციების გარდა აფეთქდა ლეპტოპები და სმარტფონები - თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
გუშინ ჰეზბოლამ პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.