აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ გმობს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე "არასამართლებრივ" სასაზღვრო თავდასხმებს.
პელოსიმ ერევანში ყოფნისას აღნიშნა, რომ მის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა „აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე არასამართლებრივი და მკვლელი თავდასხმების შემდეგ“.
სომხეთის პარლამენტის სპიკერთან ალენ სიმონიანთან შეხვედრისას პელოსიმ განაცხადა, რომ თავდასხმა აზერბაიჯანმა დაიწყო და ეს აღიარებული უნდა იყოს.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ თავდასხმებს. ბრძოლები აზერბაიჯანელების ინიცირებულია და ამის აღიარება უნდა მოხდეს“ - განაცხადა პელოსიმ.
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ ახლოდან აკვირდება საზღვრის მიმდებარედ არსებულ სიტუაციას და კონფლიქტის არა სამხედრო, არამედ მოლაპარაკებების გზით მოგვარებას უჭერს მხარს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მკაფიოდ აჩვენა, რომ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა ვერ ექნება. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ახლოდან დაკვირვებას და განვაგრძობთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოლაპარაკებებისა და გრძელვადიანი მოგვარების გზის მხარდაჭერას“ - განაცხადა პელოსიმ.
Reuters-ის ცნობით, ამ დრომდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საჯაროდ არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია იმაზე, თუ ვინაა კონფლიქტში დამნაშავე. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოთქვა შეშფოთება შეტაკებებზე და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 13 სექტემბრის შემდეგ სულ მცირე 6 სომხური დასახლება დაბომბა და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებითა და დიდი კალიბრის იარაღით თავს დაესხა. ერევანი აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმაა.
აზერბაიჯანი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანელების პოზიციების დანაღმვა სცადა, რაზე რეაგირებაც მოუწიათ. სომხეთი თავის მხრივ აზერბაიჯანს ადანაშაულებს დეზინფორმაციაში.
პელოსის ბოლო სომხეთის მხარდამჭერი განცხადების შესახებ აზერბაიჯანს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.