აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ "ჩინეთის მთავრობას ტაივანის იზოლირების საშუალებას ვერ მისცემენ". ამის შესახებ მან NBC-სთან ტაივანში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.
ამასთან, პელოსის თქმით, "ჩინეთის ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს, ვინ ესტუმროს ტაივანს".
ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.