logo
ENG



პენიტენციური: გოგი წულაია სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია

29 მარ 202119:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/29/etq8m68leurk6fh.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ აქტივისტი და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

უწყებაში ამბობენ, რომ წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. 

ქალი, რომელიც ამბობს, რომ წულაიამ მასზე იძალადა, ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა". მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აქვს.

წულაია კი თვლის, რომ უდანაშაულოა და პროვოკაცია მოუწყვეს. წულაიას თქმით, მისი დაკავების რეალური მიზეზი ბერა ივანიშვილის საჯარო გინებაა. 

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა