logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ასევე გადაეცა საბანი, ლეიბი და ბალიში

07 ოქტ 202121:14
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, ასევე გადაეცა საბანი, ლეიბი და ბალიში
კადრები

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი საკანში უკვე სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ამის უფლება არ მისცეს, ტყუილია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სააკაშვილს საკანში შესვლისთანავე მიეწოდა ლეიბი.

"გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია, ასევე, ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს. აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს", - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება საკითხს, რომ დღეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს სააკაშვილთან სახარების შეტანის უფლება არ მისცეს, უწყება ასე განმრტავს:

"დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საბანი და ტელევიზორი საკანში ამ დრონდე არ ჰქონდა. მათივე თქმით, ხელისუფლება ყოფითი პირობების გაუარესებით ცდილობს, სააკაშვილს დისკომფორტი შეუქმნას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. დღეს, 7 ოქტომბერს სააკაშვილთან ციხეში პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი შევიდა, რომელმაც მას შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა. 


close დახურვა