logo
ENG



პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება

28 დეკ 202110:47
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება".

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა უწყების ცნობით, აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

"მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

"შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 


close დახურვა