პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, უკვე გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში.
სხდომის პარალელურად დაგეგმილია მხარდამჭერი აქციაც. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული, დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.
სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციური სამსახური მის სხდომათა დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "შესაძლო დესტრუქციას" ასახელებდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა.
სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.
სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ მისცეს.