სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ მესამე პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. მათივე ცნობით, "სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება".
"მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი - სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები.
საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა", - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის რადას დეპუტატმა და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორმა, ლიზა იასკო ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა. როგორც მან თქვა, შიმშილობის ერთი კვირის თავზე სააკაშვილს 12 კილოგრამზე მეტი აქვს უკვე დაკლებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.