logo
ENG



პენიტენციურში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია

27 აპრ 202210:17
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციურში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში ამანათი "მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია".

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით შეძლებს.

გუშინ, 26 აპრილს, ენმ-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად საკვების მიღების გზა გადაუკეტეს და განუცხადეს, რომ ამანათებს ვეღარ მიიღებს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიებში საკვებს არ ყიდულობს და მას, მხოლოდ და მხოლოდ, ამანათების შეგზავნით იღებდა.

"ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე. მ. სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მ. სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.

ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.


close დახურვა