ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატშიც გადაუსწრო. ამ ეტაპისთვის სრულად დაუთვლელი 5 შტატიდან, ბაიდენი სამში ლიდერობს. აქედან ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ტრამპს კი ყველა დარჩენილი შტატის მოგება დასჭირდება.
ბაიდენს უკვე 264 დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული, ტრამპს კი 214.
პენსილვანიის შტატში (20 დელეგატი) ამ ეტაპისთვის ხმათა 98%-ია დათვლილი. ბაიდენი ტრაპს 5 600 ხმით უსწრებს.
ნევადის შტატში (6 დელეგატი) ხმათა 84%-ია დათვლილი, ბაიდენი კი ტრამპს 11 500 ხმით უსწრებს.
რაც შეეხება ჯორჯიას შტატს (16 დელეგატი), აქ სურათი 6 ნოემბრის შუადღისას შეიცვალა. თავდაპირველად შტატში ტრამპი ლიდერობდა, თუმცა დღეს, რამდენიმე საათის წინ რესპუბლიკელ კანდიდატს ბაიდენმა გადაუსწრო. ამ ეტაპისთვის მას 1 000 ხმით უპირატესობა აქვს. შტატში ხმების 98%-ია დათვლილი.
ალასკისა და ჩრდილოეთი კაროლინას შტატებში ტრამპი ლიდერობს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად თითო კანდიდატს 270 დელეგატის ხმის მოგროვება სჭირდება.
ხმის დათვლის პროცესი კოვიდპანდემიის შედეგად დამდგარმა გამოწვევებმა გააჭიანურა, განსაკუთრებით შეფერხდა ფოსტით, წინასწარ გაგზავნილი ხმების დათვლა.
საბოლოოდ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს შედგება. გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი (78 წლის) ინაუგურაციის დღეს ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება ქვეყნის ისტორიაში.