პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, 8 500მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით გასცა სამხედროთა მზადყოფნის ბრძანება. ეს არის ყველაზე ახალი ნაბიჯი, რაც აშშ-მ უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად გადადგა.
პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სამხედრო დანაყოფების უკრაინაში გადასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.
კირბის თქმით, ამერიკელი სამხედროების მობილიზების მიზანია რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში გაამაგროს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვისაც მზად არიან.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები რომ გაზარდოს მისი ძალების მზადყოფნა, როგორც სახლში ასევე საზღვარგარეთ, რათა მზად იყვნენ სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ინციდენტზე პასუხისთვის, მათ შორის NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, თუ ისინი გააქტიურდებიან. NATO-ს საპასუხო ძალები 40 000 სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცს მოიცავს“ - თქვა კირბიმ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იმ სამხედრო დანაყოფების იდენტიფიცირების საბოლოო ეტაპზე იყო, რომელთა გაგზავნასაც აღმოსავლეთ ევროპაში განიხილავს.
ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების თქმით, სამხედრო ძალების გადასხმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეს უკავშირდება.