პენტაგონის განცხადებით, არტილერიის გამოყენების მაღალი ინტენსივობის გამო, რუსეთი იძულებულია 40 წლის წინ დამზადებული ჭურვები გამოიყენოს.
"მათ [რუსებმა] საბრძოლო მასალა მოძველებული მარაგიდან აიღეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ეს ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი 40 წელზე მეტი ხნის წინ იყო წარმოებული", - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთს 2023 წლის დასაწყისისთვის ყველა გამოსაყენებელი საბრძოლო მასალა ამოეწურება. ამასთან, პენტაგონი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ძველი მარაგის გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში განიცადეს წარუმატებლობა, მორალური პრობლემებიდან დაწყებული, საბრძოლო მასალის ნაკლებობით დამთავრებული. მისი თქმით, რუსეთში საბრძოლო მასალის გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოება.