logo
ENG



პენტაგონი: რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა ვერ შეუშალა ხელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

05 მაი 202208:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/jnm27lz2a5bkpf8.jpg

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, არ მოუხდენია გავლენა სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით.

პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება გრძელდება.

"ისინი [რუსები] ცდილობდნენ დარტყმას იმაზე, რაც ჩვენი აზრით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეებია დასავლეთში, მათ შორის ელექტრომომარაგების ობიექტებზე, სატრანსპორტო კვანძებზე და ა.შ. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მათ მცდელობას, ძირი გამოუთხარონ უკრაინის შესაძლებლობებს, აღადგინოს თავისი ძალები", - თქვა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა.

მან დაამატა, რომ მიუხედავად ასეთი დარტყმებისა, აშშ ინარჩუნებს შესაძლებლობას უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით, მათ შორის შეიარაღების სისტემების გადაცემაზე.

კირბის თქმით, აშშ-ს და სხვა დასავლეთის ქვეყნებს აქვთ მრავალი მეთოდი უკრაინაში საჭირო დახმარების გადასატანად.

"ვიცით, რომ მასალები, იარაღი, საბრძოლო მასალა მოხვდება უკრაინელთა ხელში", - დასძინა კირბიმ.

3 მაისს, საღამოს საათებში უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა არაერთ ქალაქზე, მათ შორის ლვივის რეგიონზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ლვივის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად 250 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მტერი მიზანმიმართულად ურტყამს მიწოდების ჯაჭვებს, კერძოდ, ჰუმანიტარულ მარაგს დასავლეთიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით.


close დახურვა