პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ფართოდ შეიჭრას, თუმცა, უკრაინული ძალების მხრიდან უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი და მისი სამხედროები ელოდნენ.
"უკრაინელების მხრიდან წინააღმდეგობა იმაზე დიდია, ვიდრე რუსეთი ელოდა. უკრაინელებმა თქვეს, რომ ისინი იბრძოლებდნენ თავისი ქვეყნისთვის და ასეც იქცევიან". - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
მისივე განცხადებით, უკრაინელების წინააღმდეგობამ შეანელა რუსეთის წინსვლა კიევში.
"მთლიანობაში, რუსებმა დაკარგეს მომენტუმი. ისინი ვერ მიიწევენ წინ ისე სწრაფად, როგორც ეგონათ, რომ წაიწევდნენ. ამის კარგი ინდიკატორი ის არის, რომ რუსეთს არ აუღია ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს". - თქვა მან.
თუმცა, პენტაგონის მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ჯარისკაცების რიცხვის გაზრდას - მარიუპოლთან ახლოს, აზოვის ზღვაში, მათ ათასობით საზღვარო ჯარისკაცი განალაგეს.
აშშ ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა საზღვართან განლაგებული ჯარების 1/3 უკრაინაში შეიყვანა, თუმცა, რუსეთის ავიაციას არ მიუღწევია უპირატესობისთვის. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მეტ-ნაკლებად ეფექტურია და რუსეთის ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.