პენტაგონის წარმომადგენლის, საბრინა სინგის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მძიმე ბრძოლა იქნება, თუმცა უკრაინას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.
"ომი უკრაინაში დღითიდღე უფრო მძიმე და სასტიკი ხდება. მაგრამ უკრაინელ სამხედროებს აქვთ ის, რაც მათ კონტრშეტევისთვის სჭირდებათ და შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
მათ აქვთ საბრძოლო ძალა. ახლა იწყება თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები. გვესმის, რომ ბრძოლის ველზე [სამხედრო] დანაკარგები იქნება. ეს ამ ომის უსიამოვნო ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ გადალახეს უკრაინელებმა ეს სირთულე თავიდანვე", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიდის. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად აწარმოებენ როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით ოპერაციებს.