logo
ENG



პესკოვი: ბირთვული იარაღით სწავლება უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე განცხადებებს უკავშირდება

06 მაი 202416:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/06/ggsanryi8gmqlwt.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთში ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებს უკავშირდება უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.

"ეს, ფაქტობტივად, ამომწურავად არის ნათქვამი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თუ მკითხავთ, დასავლელი წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, აშკარაა, რომ საუბარია ბატონი მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებზე.

როგორც იცით, მათ ასევე დაემატათ აშშ-ის სენატის წარმომადგენლებიც, თუ არ ვცდები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტის გაგზავნაზე", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

პესკოვის თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსების განცხადებები მიუთითებს, რომ "ფაქტობრივად, NATO-ს ჯარისკაცების რუს ჯარისკაცებთან პირდაპირი დაპირისპირება სურთ".

"ეს დაძაბულობის ესკალაციის სრულად ახალი დონეა, უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს საჭიროებს", - თქვა პესკოვმა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა. ბრძანება თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.


close დახურვა