კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში მძიმე იარაღის მიწოდების ტენდენცია საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას.
ამ განცხადებით დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინასთან ერთად, იარაღი საქართველოსა და მოლდოვასაც მიაწოდონ.
“თავისთავად, უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე ტიპის იარაღით მომარაგების ტენდენცია არის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობის პროვოცირებას“, - განაცხადა პესკოვმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ლონდონში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა.
ამასთანავე, ტრასმა მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, გაუგზავნონ იარაღი იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან მუქარას განიცდიან.
“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და სხვა ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, - განაცხადა ტრასმა.