კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბალიში დაგეგმილ G20 სამიტს ქვეყანაში მისი ყოფნის აუცილებლობის გამო არ ესწრება. მისი თქმით, პუტინის ქვეყანაში ყოფნას "გარემოებები მოითხოვს".
"პრეზიდენტს რაც შეეხება, გარემოებები აჩვენებს პრეზიდენტის რუსეთის ფედერაციაში ყოფნის პრიორიტეტს, ამიტომ გადაწყდა. რომ რუსული მხარე ამ სამიტში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებდა", - თქვა მან.
ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურებამდე მედიებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა - გამოცემები თავიდანვე წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდა და მის ნაცვლად იქ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა კრემლის ვერსიისგან განსხვავებით, წყაროები სხვა მიზეზს ასახელებდნენ. მაგალითად, Bloomberg აღნიშნავდა, რომ ვლადიმერ პუტინმა სამიტზე დასწრებაზე უარი დასავლელი ლიდერების მხრიდან მოსალოდნელი დაძაბულობის გამო თქვა.
თუმცა სიტუაცია განსხვავებული არ იქნება არც ლავროვისთვის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს G20-ის სამიტზე არ შეხვდება. პრაისის თქმით, ყველამ კარგად ნახა ბალიზე, ივლისის G20-ის მინისტერიალზე, რომ რუსეთი იზოლირებული იყო.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას დაადასტურა, რომ G20-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.