კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინაში სიტუაციის დიპლომატიურად დარეგულირების გზას ვერ ხედავს.
"ამ დროისთვის, უკრაინაში სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით დარეგულირების პერსპექტივა არ არსებობს," - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, გუშინ პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს სიცრუეა. კრემლის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ იზიუმში აღმოჩენილი საფლავები სიცრუეა და მისი თქმით, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, რაც ბუჩას შემთხვევაში იყო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის ფედერაცია დღემდე არ აღიარებს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებას. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და კრემლი ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.
გარდა ამისა, რუსეთში დაწესებულია "სამხედრო ცენზურა", რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე ომის გაკრიტიკება რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გამო მათ აჯარიმებენ ან აპატიმრებენ.
