კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად ბაიდენის მხრიდან დასახელებული პირობები კრემლისთვის მიუღებელია.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.
პესკოვის თქმით, საერთო დისკუსიამდე მისვლას ართულებს ის, რომ აშშ-ს რუსეთის "ახალი ტერიტორიები" - ანექსირებული უკრაინის ტერიტორიები, რუსეთის ნაწილად ამ დრომდე არ უღიარებია.
„თქვენ ფრაგმენტულად დააციტირეთ ჯო ბაიდენის განცხადება. ის კიდევ რამდენიმე წინადადებას მოიცავდა. მან თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პუტინმა უნდა დატოვოს უკრაინა. მას [ბაიდენს] სჯერა, რომ ეს იმის დემონსტრაცია უნდა იყოს, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ არ აღიარებს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ართულებს საერთო დისკუსიისთვის საჭირო ნიადაგის ძებნას“ - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გაგრძელდება, თუმცა პუტინი "მშვიდობიანი დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი" ღია რჩება.
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ პუტინი იყო, არის და ღია რჩება კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისადმი. ყველაზე უპირატესი გზა ჩვენი ინტერესების მიღწევისთვის არის მშვიდობიანი დიპლომატიური გზებით" - განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1-ლ დეკემბერს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების გზის ძებნის სურვილი ექნება, ის მზადაა, პუტინს ესაუბროს.