სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებელმა კირილ სმოროდინმა ერმიტაჟში საკუთარი პორტრეტი ჩამოკიდა, რომელიც 1812 წლის ომის მონაწილეთა სტილში იყო გაკეთებული.
შემთხვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. სმოროდინის ხუმრობას კი რუსეთში დიდი კრიტიკა მოჰყვა. 28 ოქტომბერს ერმიტაჟმა პროკურატურასაც მიმართა, რათა შეისწავლოს ახალგაზრდა კაცის ქმედებები "რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევისთვის, მათ შორის სამშობლოს დამცველების ხსოვნის საჯარო შეურაცხყოფის თვალსაზრისით".
TV Rain-ის ეთერში სმოროდინმა განაცხადა, რომ დიდი გამოხმაურებასა და კრიტიკის ნაკადს არ ელოდა. მისივე თქმით, ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორს ბოდიშის წერილი უკვე მისწერა და საჯაროდ ბოდიშის მოხდასაც აპირებს. სმოროდინი ამბობს, წერილში ის თავის ქმედებას "წარუმატებელ ხუმრობას" უწოდებს და მუზეუმს გამოფენის მოწყობაში დახმარება ან მოხალისეობა შესთავაზა.
როგორც ის ჰყვება, პორტრეტის ჩამოკიდების იდეა უეცრად გაუჩნდა და მას არავის წყენინება არ სურდა.
"სიმართლე გითხრათ ძირითადი გზავნილი იყო - უბრალოდ მეხუმრა. ახლა ძალიან ცოტა მიზეზია იმისთვის, რომ გავხალისდეთ და მომეჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქვე ჩაივლიდნენ, ჩაიცინებდნენ, რადგან რაღაც უჩვეულო დაინახეს", - ამბობს სმოროდინი.