დეკანოზი პეტრე კვარაცხელია [კოლხი] ფორმულასთან ინტერვიუში სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ისევ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის დასჯას ალტ-ინფოსთან და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებული პირები ითხოვდნენ.
პეტრე კოლხის თქმით, ის ყველა სახელსა და გვარს დაასახელებს, ვინც საპატრიარქოსგან მის ეკლესიიდან განდევნას ითხოვდა. დეკანოზი ამბობს, რომ გაჩუმებას არ აპირებს და არც ეკლესიის დატოვებას გეგმავს.
"რატომ უნდა დავისაჯო მკაცრად?! მკაცრად დასასჯელები ვინ არიან - კარგად ვიცი. თუ არ იციან, სია მაქვს. მეუფე შიო და სხვა მღვდელმთავრებიც ძალიან შეწუხებულები არიან რიგი ადამიანების მისვლით საპატრიარქოში, რომ მამა პეტრე დასაჯეთ. ვინმე ბექა [ვარდოსანიძე], ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა საპატრიარქოს, რომ განიდევნოს პეტრე კოლხი ეკლესიიდან. საპატრიარქოში არ უვლია, მაგრამ როგორც ჩანს სადღაც სხვაგან ხდებოდა ეს შეხვედრები. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე შეხვედრა მას ფარულადაც ჩაეწერა.
გვარებსაც დავასახელებ და კონკრეტულ ფაქტებსაც მოვიყვან. ესენი არიან ალტ-ინფოსთან და მმკ-სთან [მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი] ასოცირებულები. არ მინდა დავიჯერო, რომ მოძალადე ჯგუფების უკან დგანან კონკრეტული ეპისკოპოსები... პრინციპულად არ წავალ ეკლესიიდან. ბევრი მიიჩნევს, რომ ბევრს ვხმაურობ და ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ჯერ საუბარი არ დამიწყია", - თქვა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ.
***
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.
განცხადების თანახმად, "მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული".