logo
ENG



პიანტკოვსკი: ნავალნის გმირულმა სიკვდილმა გააღვიძა სიმამაცე ადამიანებში, მზაობა ბრძოლისთვის

01 მარ 202421:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/d7q0h6z2f2xb9j9.jpg

ამერიკელი პოლიტოლოგის, ანდრეი პიანტკოვსკის თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გმირულმა სიკვდილმა ადამიანებში სიმამაცე გამოაღვიძა და მათ ბრძოლისკენ უბიძგა. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"ნავალნის გმირული სიკვდილი არ გახდა უიმედობის სიგნალი, არამედ გამოაღვიძა სიმამაცე ადამიანებში, მზაობა ბრძოლისთვის. უზარმაზარი საქმე, რაც ნავალნიმ ჩვენთვის გააკეთა, ეს გახლავთ მისი 3-წლიანი გმირობა პატიმრობაში. ის აქტიურად ებრძოდა თავის მწამებლებს და აი, ამ მაგალითმა შთაგონება მისცა ხალხს. ამ მწუხარებამ ამ ხალხს უბიძგა არა იმედგაცრუებისკენ, არამედ ბრძოლისკენ.

ვხედავ ძალიან დიდ პერსპექტივას დემოკრატიული მოძრაობის გაეთიანებისა, რომელმაც დღეს გვანახა ჩვენი ძალა მოსკოვში და ძალიან პოზიტიურად ვლინდება ნავალნის მეუღლის პოზიცია, რომელიც პოტენციური ლიდერი ხდება ამ ღონისძიებების, ამ მოვლენების და მე ვხედავ გაერთიანებას დემოკრატიული მოძრაობის", - აღნიშნა მან.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა