პარლამენტთან გუშინდელი პიკეტირებისას დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი ცოტახნის წინ დასრულდა, მოსამართლე, ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო.
დაკავებულების თქმით, სამართალდამცველებმა ისინი უკანონოდ დააკავეს და ბრალდების მხარეს არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალს ადასტურებს.
„პოლიციის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ჩემთან და არც სხვებთან მიმართებაში არცერთი ხელშესახები მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ან წვრილმან ხულიგნობას ჩავდიოდით ან წინააღმდეგობას ვუწევდით მას. ეს არის უბრალოდ ხელისუფლების მიერ დაშინების მცდელობა იმ ადამიანების, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან პოლიტიკურად, ეს არის ნაბიჯი თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვისაკენ და აქტიური ადამიანების შეშინებისკენ, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს განსხვავებული აზრი“,-განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.
სასამართლო დარბაზში დაკავებულების მხარდასაჭერად მთელი დღე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, მათი თქმით ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებით არის დაკავებული.
„სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ დაკავებულს, რომელსაც ხელისუფლება აკავებს, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად როგორ მძვინვარებს კრიმინალი ქუჩებში ადამიანებს ჭრიან, კლავენ და უკვე სახიფათო გახდა ქუჩაში გადაადგილებაც, ხელისუფლება დაკავებულია იმითი რომ მშვიდობიან პროტესტანტებს აკავებს აბსურდული ბრალდებებით“,-განაცხადა დავით ქაცარავამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე იმართებოდა „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და კიდევ 5 პირის პროცესი, დაკავებულების საქმეს ვალერიან ფილიშვილი განიხილავდა.