საქართველოს პირველ არხთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.
მომიტინგეები თვლიან, რომ ის, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ პირველი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.
"გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები. დავგეგმავთ ეთერს. ჩვენი თანამშრომლები ხელშეუხებლები არიან",- თქვა თინათინ ბერძენიშვილმა.
ასევე, პირველი არხის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა მათ განუცხადა, რომ მათ პირდაპირ ეთერს დაუთმობს.
"თქვენ 20:00-ზე გითხრეს, რომ იქნება ეთერი. ჩვენ 20:00-მდე გაუნძრევლად ვიდგებით. თქვენთან ერთად ვარ", - განაცხადა ზაუტაშვილმა.